რეგიონი
TI: ჯუმბერ იზორიას ძმისგან მერიის ააიპ-იმ საწვავი 16-ჯერ შეისყიდა
ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-მა საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან - ბადრი იზორიასგან გამარტივებული წესით ჯამურად 145 966 ლარის ღირებულების საწვავი 16-ჯერ შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს შეისწავლონ აღნიშნული ა(ა)იპ-ის მიერ საწვავის შესყიდვის პროცესის კანონიერების საკითხი.

„მუნიციპალური ა(ა)იპ ბადრი იზორიასთან გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებას 2018 წლის ივლისიდან აფორმებს, სულ 17 ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომელთაგან 16 შემთხვევაში ა(ა)იპ-მ საწვავი შეისყიდა, ერთხელ კი საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება. 2018 წელს პირდაპირი წესით საწვავი სამჯერ იქნა შესყიდული, 2019 წელს 12-ჯერ, 2020 წელს კი ერთხელ. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 145 966 ლარი შეადგინა, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯუმბერ იზორიამ ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის თანამდებობა ტელეკოპმანია “რუსთავის 2”-ში, საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებით, გასული სიუჟეტის შემდეგ ერთ კვირაში დატოვა. მიუხედავად ამისა, ის ორ თვეში სამსახურში კვლავ აღადგინეს. 2019 წლის დეკემბერში კი ჯუმბერ იზორია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, მან საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა.

Print