ახალი ამბები
ფოთში თევზით მოვაჭრეები აქციას მართავენ
ფოთში მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ და აქციას მართავენ. მათ პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, ხოლო რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო.

,,მერიიდან მოვიდა დადგენილება თევზის ბაზრის დახურვის მოთხოვნით. თავის დროზე ბაზრის დირექტორს მისცეს უფლება გაეხსნა, მან გაგვიკეთა, მოგვიწყო და ვიყავით გადასარევად. მაცივრების გარეშე ჩვენ არ ვმუშაობთ, ყველანაირი პირობები გვაქვს, წყალი, შუქი, მაგრამ რად გინდა, მოვიდა დადგენილება მერიიდან, რომ ბაზრის დირექტორმა დაანგრიოს. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი მაგრამ, 36 კვადრატში ფიზიკურად 7 მოვაჭრე, თავისი მაცივრებით, თავისი აუზებით არ დაეტევა, ამას ყველა მიხვდება. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ გავხსნით გზას, გვაქვს ბანკის ყოველდღიური გადასახადი“, - ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ აღნიშნული ადგილას, სადაც ადრე თევზით ვაჭრობდნენ ნაპირსამაგრი ჯებირები უნდა განთავსდეს, ხოლო მოვაჭრეებს სხვა ალტერნატიულ ფართებს სთავაზობენ.

„სამი წლის წინ აქ დროებით ითხოვეს გადმოსვლა, რიონის სანაპიროზე ჯებირს შიგნით მოეწყოთ ბაზრობა, სანამ ინვესტორი შპს „ლუკა“ მოუგვარებდა მათ შენობასთან დაკავშირებულ პრობლემას. დღეს უკვე პროექტი დამთავრების ფაზაშია, რომ დაიწყოს ქალაქში შემავალი მდინარე რიონის გაწმენდითი სამუშაოები. მათ ვთავაზობთ სხვა ვარიანტებს და მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - ამბობენ მერიაში.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
Print
თეგები: აქცია / თევზი / ფოთი /