ახალი ამბები
„ენგურჰესი“ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდებას მომდევნო თვიდან შეუმცირებს
„ენგურჰესი“ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას 15 თებერვლიდან მნიშვნელოვნად შეზღუდავს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჰესის ტექნიკურმა მენეჯერმა გია ხუბუამ უთხრა. მისივე თქმით, ამის მიზეზი წყლის მარაგის შემცირება და აფხაზეთში ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებაა.

„ძალინ დიდი პანიკაა, ვინ არ მირეკავს. ჩვენ 15 თებერვლამდე მივაწვდით ელექტროენერგიას. შეიძლება ითქვას, რომ ახლაც ვერ ვაწვდით სრულად, მაგრამ თხუთმეტი თებერვლიდან იქნება მკვეთრი კლება და არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მესამედზე მეტი მივაწოდოთ. წყალსაცავში 20 მეტრზე მეტ სიმაღლეზე გვაქვს წყალი, მაგრამ მოცულობა დღითიდღე მკვეთრად იკლებს. 20 დღეში წყალი არ გვქნება, მხოლოდ ჩამონადენზე ვიქნებით დამოკიდებული გაზაფხულამდე და  სანამ არ დაიწყება წყალდიდობები. აფხაზეთში დენის მოხმარება იზრდება ყოველდღიურად... ეს უკვე იმ ზღვარზეა  მისული, რომ ენგური ამჟამად წყალუხვიც, რომ იყოს მათი სრულად დაკმაყოფილება არ შეგვეძლება, თუ მოხმარებას არ შეამცირებენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალი სიმძლავრეების ჩართვა ხდება. ბოლო "მთავრობის" დროს კი ეს სრულიად უკონტროლო გახდა. ძალიან ბევრია უყაირათო ხარჯვის შემთხვევები“, - თქვა გია ხუბუამ.

აფხაზეთში ელექტროენერგიაზე შეზღუდვები დაწესდება. კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ქვესადგურებში მარაოსებრი სისტემით გათიშვების გრაფიკი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ელექტროენერგია დღეში ორჯერ ორ - ორი საათით გაითიშება.


Print