ახალი ამბები
„ენერგო-პრო ჯორჯია“: მესტიაში ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა
,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მათივე განმარტებით,  დენის მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ის კრიტიკულად გაიზარდა. 

„ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100% და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას. კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი არის კრიპტოვალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე, ფერმების მესტიაში გადატანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში. ამავდროულად, მიუხედავად მცდელობისა, კომპანია ვერ ახერხებს, მესტიის რაიონში განახორციელოს საბალანსო აღრიცხვის წრედების დამონტაჟება, რაც მარტივად უზრუნველყოფდა გაზრდილი მოხმარების კონტროლს და ქსელზე არალეგალურად მიერთებული მომხმარებლების გამოვლენას“, - აღნიშნა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ რეგიონალური მედიისთვის, 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.

ცნობისთვის, სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის. გადასახადი მხოლოდ მეწარმეებზეა დაწესებული. ბიტკოინების მწარმოებელი აპარატები სწორედ კერძო სახლებში აღმოაჩინეს.


Print