ახალი ამბები
"სად წავიდა პენსიები? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?" - აქცია მერაბ ქვარაის ბიუროსთან (ვიდეო)
ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მოძრაობა "შეცვალეს" წევრების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ბიუროში განცხადების დატოვება, კედელზე შემდეგი შინაარსის სტიკერები დატოვეს: „სად არის პენსიები? ჩიტმა წაიღოო? ჰაერმა? რა ვითარებაა? “, „მონა“, „შეცვალე“ და ა.შ. 

„მერაბ ქვარაია ერთ-ერთია იმ მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელმაც პროპორციული არჩევნები ჩააგდო. ისიც მონაა, როგორც სხვები... ჩვენ გვინდოდა გადაგვეცა სიგელი ნეპოტიზმისთვის, რისი საშუალებაც არ მოგვცეს“, - თქვა „შეცვალეს“ წევრმა ეკა სამუშიამ.

მერაბ ქვარაიას ბიუროში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს ოფისში შეჭრა სურდათ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს. მათივე თქმით, შეკრებილებმა ბიუროს მუშაობის პროცესს ხელი შეუშალეს.

„აქ იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც ვუწევდით დახმარებას და ამ ფორმით აქ მოსვლით ხელი შეეშალა სამუშაო პროცესს. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათგან ერთი პირი შემოსულიყო, თუმცა მათ ეს არ ისურვეს. მათ უნდოდათ პროვოკაციულად შემოსულიყვნენ და ისე დაეტოვებინათ განცხადება. ყველას ერთად უნდოდა შემოსვლა და პროვოკაციის მოწყობა ბიუროში, რისი საშუალებაც არ მივეცით“, - ამბობს ბიუროს წარმომადგენელი ირაკლი ბაღათურია.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა მსგავსი აქცია 30 დეკემბერს ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაჟორიტარი ბიუროს ოფისთან გამართეს.

Print