ახალი ამბები
მესტიაში თოვლმა პრობლემები შექმნა
მესტიის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უხვი ნალექის გამო სოფლებს ელექტროენერგია შეზღუდულად ან საერთოდ არ მიეწოდება. მოსახლეობა ადმინისტრაციულ ცენტრამდე გამოსვლას ვერ ახერხებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჭუბერის სოფელ ლიხანში მცხოვრებმა ინეზა ჩხეტიანმა უთხრა. მისივე თქმით, თოვლი საფარი 1,5 მეტრს აღწევს. მოსახლეობა ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას და გზების გაწმენდას ითხოვს.

„გუშინ დაიწყო თოვა. სკოლაში ვერ წავიდნენ ბავშვები, ვერც სამსახურში გავდივართ. სავალალო მდგომარეობაა. ელექტროენერგიაც არ გვაქვს, ვითხოვთ დახმარებას“, - თქვა ჩხეტიანმა.

მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სოფლებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. მერის მოადგილის ნელი ნავერიანის ინფორმაციით, დიდთოვლობამ განსაკუთრებული პრობლემები ჭუბერსა და ხაიშში შექმნა.

„შიდა სასოფლო გზების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას. ბუნებრივია. რომ ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ. უხვი ნალექის გამო, რამდენიმე სკოლაში ბავშვები არ მისულან. სახელმწიფო მნიშვნელობის გზის გაწმენდაზე საგზაო გზებიის დეპარტამენტი ზრუნავს და ჩვენი ინფორმაციით, ცენტრალური გზა ინტენსიურად იწმინდება. სოფლის გზების გაწმენდაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს“, - ამბობს ნავერიანი.

"ენერგო- პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ მესტიის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება და ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ დენი დანარჩენ ნაწილსაც აღუდგეს. 

სინოპტიკოსები სვანეთში თოვს კვირის ბოლომდე პროგნოზირებენ.

Print
თეგები: თოვლი / მესტია /