რეგიონი
სოხუმი: „ფსოუს“ და „ენგურის“ გამშვებ პუნქტზებზე მიგრანტებისთვის კარანტინი დაწესდა
4 თებერვლიდან მიგრანტებს ეკრძალებათ აფხაზეთში შესვლა. შესაბამისი გადაწყვეტილება სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, წერს „აიაირა“.

„გადავწყვიტეთ „ფსოუს“ და „ენგურის“ გამშვებ პუნქტზებზე კარანტინი დაგვეწესებინა, შესაბამისად, მიგრანტებისა და მათთან გათანაბრებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ. გადაწყვეტილება მივიღეთ მოსახლეობის კორონავირუსისგან დასაცავად“, - აღნიშნა მან.

მან ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლებსა და ბაღებში კარანტინის დაწესების აუცილებლობა ჯერ არ არსებობს, თუმცა, სოხუმში პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდება ბაღებში. სკორიკის თქმით, გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, შესაძლოა დროებით დაიკეტოს ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გუდაუთის საბავშვო ბაღები, სადაც გრიპის სიმპტომებით ბავშვების დაავადების ყველა მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა.

„1 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, გრიპის სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 400 - მა ადამიანმა, მათგან ჰოსპიტალიზირებულია - 69, ამ ეტაპზე 24 პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს, მათგან 4 - ის მდგომარეობა მძიმეა“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპევტმა ანჟელა არჩელიამ განაცხადა.

სამედიცინო დაწესებულების საბავშვო განყოფილების მთავარი ექიმის იგორ ჯოპუას ინფორმაციით, 1 იანვრიდან გაციების და გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საავადმყოფოს 1 765 ბავშვმა მიმართა, მათგან გრიპი 10 - ს დაუდასტურდა, 7 - ს A ტიპის, ხოლო 3-ს B ტიპის ვირუსი დაუდგინდა. ერთი თვის განმავლობაში ჰოსპიტალიზირებული იყო 91 ბავშვი, ამ ეტაპზე სტაციონარში 22 პაციენტი გადის მკურნალობას.

მედიკოსმა ღნიშნა, რომ არც ერთი შემთხვევა არ მიმდინარეობდა გართულებებით.


ენგურის ხიდზე სამედიცინო შემოწმება დაიწყო


Print