რეგიონი
ზუგდიდში პროგრამა "მომავლის თაობის" შედეგები შეაჯამეს (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათმა" პროგრამა "მომავლის თაობის" გასული წლის შედეგები შეაჯამა. მოსწავლეებმა საკუთარ სკოლებში განხორციელებული პროექტების, ინიციატივებისა და სხვადასხვა სახის აქტივობების შესახებ პრეზენტაციები გამართეს. გარდა ამისა, მათ თემში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

პროგრამის ფარგლებში მოზარდებმა ძირითადად საგზაო უსაფრთხოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის და გენდერული თანასწორობის თემებზე იმუშავეს. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. მას პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

PH International-ის წარმომადგენლის თამარ ფრუიძის თქმით, ის აქტივობები, რომელსაც მოსწავლეები პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოგვივიდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც ეხებოდა საგზაო უსაფრთხოებას. ბევრ თემში ეს პრობლემა აქტუალურია. მოსწავლეების ძალისხმევით მოეწყო ზებრა გადასასვლელები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. მათ ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით სხვადასხვა კამპანიები განახორციელეს. ასევე შეეხნენ ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა წყლის პრობლემა სკოლაში და მისი მოგვარება. ასევე გვქონდა ფორუმ-თეატრი ნაადრევი ქორწინების თემაზე და მოსწავლეებმა ძალიან კარგად გამოკვეთეს ის სტერეოტიპები, რომლებიც არსებობს გენდერული თანასწორობის საკითხებში“, - ამბობს თამარ ფრუიძე.

პროგრამა „მომავლის თაობის“ კოორდინატორის სალომე გარდავას თქმით, მოსწავლეებს აქვთ იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ თემში არსებული პრობლემები მოაგვარონ.

„შევაჯამეთ გასული წელი და წარმოვადგინეთ წარმატებული პროექტები. მოსწავლეებმა წამოჭრეს ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მათ აქტიურად ეხმარება სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. რაც მთავარია, მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია და შესაძლებლობა ჩვენი პროექტის ფარგლებში თემში არსებული პრობლემები გადაჭრან“, - აღნიშნა გარდავამ.

ამასთან, ღონისძიების ბოლოს ის სკოლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები დააჯილდოეს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „ტექნიკის კონკურსში“ გაიმარჯვეს.

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობას" ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".





Print