ახალი ამბები
სტეფანწმინდაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი ქალი ზუგდიდელია
სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი ქალი ზუგდიდის სოფელ ორსანტიის მკვიდრია. სოფელში მერის წარმომადგენლის ასისტენტის ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის ქალია და ის რუსეთის ფედერაციიდან მოდიოდა.

"ჩვენი სოფლის მკვიდრია, თუმცა ბოლო დროს ზუგდიდში ცხოვრობდა. როგორც ვიცი ორმაგი მოქალაქეობა აქვს, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოსი", - აღნიშნა ელგუჯა ბოკუჩავამ.

სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხევში ავტომობილი გადავარდა. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის დროს ერთი 55 წლამდე ქალი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.

Print