რეგიონი
სოხუმმა დაასახელა ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს აფხაზეთში შესვლა შეეზღუდებათ
სოხუმის გადაწყვეტილებით აფხაზეთში ტაჯიკეთის, კორეის, ჩინეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებს შეეზღუდებათ შესვლა, ამის შესახებ აფხაზურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბობუამ განუცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები „საზღვარზე“ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა.

"მიგრანტები სომხეთიდანაც გვყავს და სამხრეთ აფრიკული ქვეყნებიდან, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ არ დაგვეწესებინა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები, რადგან იქ დაავადების კერები არ აღმოუჩენიათ", - თქვა მან.

მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ უწყების რეკომენდაციით, მიგრანტებს და ტურისტებს შეეზღუდებათ აფხაზეთში შესვლა. ამასთან ერთად, საიმიგრაციო სამსახურის უფროსის განცხადებით, დროებითი შეზღუდვები არ შეეხება მაგალითისთვის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, უკრაინის მოქალაქეებს.

ბობუას თქმით შეზღუდვები იმოქმედებს მანამ, სანამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გააუქმებს, წერს „აიაირა“. ამავე ცნობით, ვირუსის პრევენციის მიზნით, 15 იანვრიდან ენგურის ხიდზე მოქმედებს საკარანტინო - სანიტარული პუნქტი 15 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ადმინისტრაციული საზღვარი ორმხრივად 11 ათას 900 - მა მოქალაქემ გადაკვეთა, მათ შორის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხუთ ადამიანს დაუდგინდა. „ჯანდაცვის“ მინისტრის ბრძანების თანახმად, ექიმების ბრიგადები სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 1 მარტამდე იმუშავებენ.

Print