ახალი ამბები
სახელმწიფო აუდიტმა ჩხოროწყუს მერიის მუშაობაში ხარვეზები გამოავლინა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელების შესახებ, რომელიც 2017-2018 წლებს მოიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები არაქმედითია.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, გაწეული ხარჯის მიუხედავად, მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია და სტიქიის შედეგები არ არის ლიკვიდირებული. მუნიციპალიტეტში არსებულმა სუსტმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა და მიზნის მიღწევა.

„მოსახლეობის უმეტესობას არ მიეწოდება სასმელი წყალი და სარგებლობს ჭებითა და წყაროებით. ხარვეზები გამოვლინდა მიწოდებული წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც. პრობლემის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებს ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებიათ“, - ნათქვამია შესაბამის დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტორის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს კი პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამის ფარგლებში იღებდა იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული. აგრეთვე არ ჰქონდა გათვალისწინებული წინა წლებში აღებული ვალდებულებების დაფარვა.სამედიცინო დაწესებულებებმა კუთვნილი თანხები დაიბრუნეს სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა დამატებითი ხარჯი გასწია.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვის და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა“,- აღნიშნული დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციებით მიმართავს და მოუწოდებს საკრებულოსთან შეთანხმებით კოორდინირებულად იმოქმედოს პრობლემების აღმოსაფხვრელად.



Print