ახალი ამბები
„დისკრიმინაციული და პრობლემური იდეა“  - ზუგდიდის მერია სარვამარტოდ ქალებისთვის ხორცსაკეპ მანქანებს ყიდულობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სასაჩუქრედ ხორცსაკეპ მანქანებს ყიდულობს. როგორც მერიაში ამბობენ, საჩუქრები იმ ქალებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც ქალაქის განვითარებაში წვლილი შეაქვთ. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია 20  ელექტროტექნიკის შეძენა.

„არაფერი არ არის ამაში საქილიკო. ვყიდულობთ ქალებისთვის, რომლებსაც გარკვეული დამსახურებები აქვთ სხვადასხვა სფეროში“, - თქვა მერის მოადგილემ გიგა ფარულავამ.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პრობლემურ იდეას უწოდებენ სამოქალაქო აქტივისტები და ამბობენ, რომ ამ საჩუქრის მესიჯი გაუგებარია.

"ცალსახად დისკრიმინაციული მიდგომაა და ამყარებს სტერეოტიპს, რომ ქალის როლი მხოლოდ სამზარეულოთი შემოიფარგლება. კარგი იქნებოდა, ვინმესთვის ეკითხათ აზრი, ვისაც ცოტა მაინც გაეგება გენდერის შესახებ. ეს საჩუქარიც ძალიან დისკრიმინაციული და ბუნდოვანია. რატომ მაინცდამაინც ხორცსაკეპი, რატომ 20 ცალი, ვინ უნდა მიიღოს, რა კრიტერიუმით? თავიდან ბოლომდე პრობლემური იდეაა“, - მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა.

მერიის ინიციატივას „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია მტკივნეულ და დაუფიქრებელ ნაბიჯად აფასებს.

„არავის უფიქრია რა მესიჯს ვაწვდით ამით ქალებს, რა მათი ადგილია "კუხნაშია"? დღეს პროგრესის ერაში, როცა ქალები თავიანთი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ საზოგადოებრივ, მეცნიერულ თუ პოლიტიკურ დონეზე, ზუგდიდის მერია აუფასურებს ამ შრომას და ის სამზარეულოში ფუსფუსის როლამდე დაჰყავს“, - ამბობს ციცინო შენგელია.

ხორცსაკეპი მანქანების შესყიდვა ადგილობრივ ბიუჯეტს 4 000 ლარამდე დაუჯდება.
Print