ახალი ამბები
სოხუმს რუსული ელექტროენერგია 600 მილიონამდე რუბლი დაუჯდება
რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მარაგი, ენერგომოხმარების მიმდინარე პირობებში, 14 მარტამდე იქნება საკმარისი. ამის შესახებ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირის „სახელმწიფო სამმართველოს“ უფროსის მოადგილემ ლეონ კვარჩიამ განაცხადა, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ამ ეტაპზე რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 200 მლნ კვტ/სთ -ს შეადგენს, რაც კვარჩიას გათვლით, 400 - დან 600 მილიონამდე რუბლი დაჯდება.

კომპანია „ჩერნომორენერგოში" მიიჩნევენ, რომ წელს აფხაზეთში ენერგოდეფიციტის დასაძლევად რუსეთიდან, დაახლოებით, 270 მილიონი კვტ/სთ-ის მიღება გახდება საჭირო.

მისივე ცნობით, ამჟამად რუსული ელექტროენერგია აფხაზეთის ტერიტორიის ნახევარს ფარავს, ხოლო დარჩენილ ნაწილს - ენგურჰესი ამარაგებს.

სოხუმი მოსკოვს ელექტროენერგიის საფასურს 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სახსრებიდან გადაუხდის.





Print