ახალი ამბები
შამგონაში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა სასამართლოსთან აქცია გამართა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან სოფელ შამგონაში გარდაცვლილი 35 წლის ეკა მიქავას მშობლები და ნათესავები არიან შეკრებილები. ამ წუთებში ახალგაზრდა ქალის მეუღლის ბაკურ სორდიას სასამართლო პროცესი იწყება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში მიქავას მეუღლეს, დედამთილს და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ხუბუას ადანაშაულებენ და მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. შეკრებილებს ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით: "ეკას სიკვდილში მიუძღვით წვლილი ბაკურთან ერთად დედას, ელისო ადამიას, დეპუტატ ზაზა ხუბუას და თავის საყვარელ ნათია ძაძამიას".

"ხუბუამ ოჯახში ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ იცოდა და რეაგირება არ მოახდინა. ქმარმა ჩემს შვილს ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და დეპუტატ ზაზა ხუბუას დახმარებით ბოსელში ჩამოკიდა, ვითომ თავი ჩამოიხრჩო",- ამბობს გარდაცვლილის დედა ირმა ბერიშვილი.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. ბაკურ სორდია პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სორდიას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 11-1 151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-1-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით არის აღძრული.


Print