ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს აბაშაში ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით მატარებელი გზაში ორჯერ, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა.

"რაღაცა პრობლემა ჰქონდა, რადგან გავჩერდით 2-ჯერ. აბაშაში რომ დაიძრა მატარებელი, ფანჯრიდან ვნახე ნაპერწკლები, მერე არაფერი მახსოვს, ძალიან ვინერვიულეთ", - უთხრა რადიო "ათინათს" მგზავრმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მალევე მივიდა სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ყველა მგზავრი ევაკუირებულია და ისინი სამარშრუტო ტაქსებით უზრუნველყვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
Print