რეგიონი
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კაკულიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ უთხრა. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაკავებულ სამ პირს, ქარჩავას ინფორმაციით, ისინი მოსამართლემ 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს.

8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.


ამავე თემაზე:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად სხვა დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
Print