ახალი ამბები
ზუგდიდში ლიდერთა სკოლა გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდში სასტუმრო "ლეთოს" საკონფერენციო დარბაზში  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მომავალ ლიდერთა სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე პროფესიულ ზრდას. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ცნობიერება აიმაღლონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, თავიანთი ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს ღია ტიპის დისკუსიებში და დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობით.

პირველ ეტაპზე, მომავალ ლიდერთა სკოლა 6 თვეს გაგრძელდება და 24 ტრენინგ მოდულის ფარგლებში ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა: საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი და სხვა. ზუგდიდის გარდა, მიმდინარე თვეში, ELS-ი ბათუმში, რუსთავსა და თბილისშიც გაიხსნება. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) არის არაკომერციული, არაპარტიული, კვლევითი და ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის დასწყისში დაარსდა.

ინიციატივა GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC საქართველო) თანამშრომლობით ხორციელდება.
Print