ახალი ამბები
მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს. ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავა არ ექნებათ.

„კონსორციუმის სუვერენული უფლებაა მიმართოს არბიტრაჟს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია უფრო მშვიდობიანად მოგვარდეს ეს საკითხი, რადგან კონსორციუმს წლების მანძილზე ჰქონდა შესაძლებლობა ვალდებულებები შეესრულებინა და არ გააკეთა. შესაბამისად, მთავრობას სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ მოეშალა ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, თუ იდავებენ ეს მათი უფლებაა. მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს დავა არ იქნება“, - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, მთავრობისთვის ანაკლიის პორტი იყო და რჩება პრიორიტეტად. როგორც თურნავა აცხადებს, ახალი ტენდერის მომზადებაში EBRD-ის და მსოფლიო ბანკის კონსულტანტების ჩართვა განიხილება.


საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა. კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა.


Print