ახალი ამბები
სოხუმი: ენგურის ხიდზე მობილური პოლიკლინიკა მარტის ბოლომდე იმოქმედებს
„ამ ეტაპზე სეზონური რესპირატორული დაავადებათა შემთხვევების კლება შეიმჩნევა“, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ „გალ ტვ-ს“ განუცხადა. მან ენგურის ხიდზე განთავსებული სანიტარული - საკარანტინო პუნქტი დაავალიერა, სადაც მისი თქმით, მედიკოსების ბრიგადები ხიდზე დილის 7 საათიდან ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის დახურვამდე მორიგეობენ. ამავე ცნობით, აღნიშნული ღონისძიებები დაწესებული შეზღუდვების გაუქმებამდე გაგრძელდება.

ცახნაკიამ აღნიშნა, რომ გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების ახალ ტალღას თებერვალსა და მარტში ელოდებიან. თუმცა, მისი მტკიცებით, ამისთვის მზად არიან, გალის რაიონულ საავადმყოფოში საკმარისი რაოდენობის ანტივირუსული და ანტიბაქტერიული პრეპარატებია შეტანილი.

28 იანვრიდან სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის ვიტალი ბგანბას დავალებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ფსოუსა“ და „ენგურის“ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე განთავსდა მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ მოქალაქეებს. გარდა ამისა, საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე ითქვა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფექციის მატარებლების შესვლის თავიდან აუცილებლად შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა და გამკაცრდება კონტროლი შრომითი ემიგრანტების შემოდინებაზე“.
„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს“ მონაცემებით, დღესდღეობით ოკუპირებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამავე ინფორმაციით, მობილური პოლიკლინიკა 27 მარტამდე იმოქმედებს.



Print