ახალი ამბები
საქველმოქმედო ფონდ „აფხაზიას“ ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბას უჩივის
პარტია „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თანათავმჯდომარე მანანა კვიცინია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექს - პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს, წერს გამოცემა „აფსადგილ ინფო“. ამავე ცნობით, კვიცინია ამავე დროს, საქველმოქმედო ფონდ "აბხაზიას" ხელმძღვანელიცაა.

“მას სასამართლოში ვუჩივლებ იმის გამო, თუ როგორ მოექცა საქველმოქმედო ფონდს. მინდა, რომ ერთხელ მაინც რომელიმე ჩინოვნიკმა საკუთარი ქმედების გამო პასუხი აგოს“, – ამბობს ის. «პრეზიდენტმა ავტომობილის სახელმწიფო სანიშნე ნომრები გამოგვიყო შეჭირვებულთათვის მატერიალური დახმარების გასაწევად და საცხოვრებლის შესაკეთებლად. ჩვენ ვყიდდით ამ ნომრებს და ისინი, ვინც მათ ყიდულობდა, თანხას ჩვენს ანგარიშზე რიცხავდა იმისთვის, რომ ხალხს როგორღაც დავხმარებოდით“, - ამბობს ფონდის ხელმძღვანელი.

თუმცა, კვიცინიას განცხადებით, რაულ ხაჯიმბამ გადაიფიქრა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და დაავიწყდა ამის შეტყობინება ორგანიზაციისთვის. როგორც ფონდის ხელმძღვანელი თვლის, ეს იმიტომ მოხდა, რომ მისმა პარტიამ და ფონდმა მხარი არ დაუჭირა ხაჯიმბას „საპრეზიდენტო არჩევნების“ დროს.

„შედეგად, 100 - ზე მეტი ადამიანი მოტყუებული დარჩა. მათ გადაიხადეს თანხა, თუმცა შეძენილი ნომრები ვერ მიიღეს, რაშიც ჩვენ გვადანაშაულებენ, თითქოს, ვიღაც საქმოსნები ვიყოთ“, - ამბობს კვიცინია.

3,5 მილიონი რუბლის ოდენობით დავალიანება ფონდმა საკუთარი სახსრებიდან გადაიხადა.

სავარაუდოდ, სწორედ ეს თანხა ფიგურირებს სარჩელში, თუკი, რა თქმა უნდა, კვიცინია არ გადაიფიქრებს ხაჯიმბას წინააღმდეგ მის შეტანას, წერს გამოცემა. ამავე ინფორმაციით, 17 თებერვალს „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ შეკრებაზე პარტიამ „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში“ ასლან ბჟანიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.


Print