ახალი ამბები
ზუგდიდში ღვთისმშობლის ფრესკის შესაძლო აღმართვაზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიხედვით, მოზაიკური ფრესკის მთლიანი ზომა 6,7 X 3,7 მეტრია. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მაკეტი ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს და ის საპატრიარქომ მოიწონა. ამასთან, ისაუბრეს, თუ რატომ უნდა აღიმართოს ფრესკა აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა მნიშვნელობა აქვს მას ქალაქისთვის.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში და ეს არის სოხუმისკენ მიმავალი გზა, დედა ღვთისმშობელი დალოცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მშვიდობიანად დაგვაბრუნებენ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე“, - აღნიშნა პროექტის წარდგენისას ეპარქიის მდივანმა მამა დიმიტრი ვეკუამ.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ მათგან რადიკალურად განსხვავებული და საწინააღმდეგო მოსაზრება არავის გამოუხატავს.

მოქალაქე ხატია ჯანაშიას თქმით, მოედანზე ფრესკის განთავსების საკითხი არც კი უნდა განიხილებოდეს. მან წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საწინააღმდეგო მოსაზრება სხვადასხვა სივრცეში გამოხატა.

„ითქვა, რომ ფრესკის აღმართვა ხელს შეუშლის სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას. ვთვლი, რომ იმ ადგილას არც კი უნდა ტარდებოდეს ისეთი კონცერტი, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთისმშობელს. კონცერტებისთვის გვაქვს ძალიან კარგი ადგილი და ეს სკეიტ პარკია“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

მან სიტყვის ბოლოს დამსწრეებს მიმართა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება ხელის აწევით სთხოვა. შეკრებილებმა პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის მიესალმება მოზაიკური ფრესკის მოედანზე აღმართვას.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ფრესკა აღიმართება, ჩემთვის მიუღებელი იქნება იმ ადგილას აქციებისა და მიტინგების ჩატარება. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში იმ ტერიტორიიდან პოლიტიკურ-გასტრონომიული კლიმატი - მაკდონალდსი და გუბერნია უნდა გადავიდეს სხვა ადგილას“, - თქვა ჯგუშიამ.

საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრი ვაჟა ფიფია თვლის, რომ მას შემდეგ, რაც იქ ფრესკა აღიმართება, თავისუფლების მოედანს სახელი უნდა გადაერქვას და მას ღვთისმშობლის მოედანი უნდა ეწოდოს.

შეხვედრის ბოლოს შეკრებილებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მიმართა და პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მეუფე გერასიმემ აღნიშნული იდეის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა რელიგიური ტურიზმის განვითარებას.
„გამომდინარე იქიდან, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა საქართველო, ამ ქალაქს უკავშირდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ამიტომაც ითქვა ასეთი მოსაზრება, რომელიც მოიწონა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების სამსახურმა. აღიმართება თუ არა ქალაქის მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის ფრესკა, საბოლოოდ ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა მეუფემ.

თემის განხილვას სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოება "ზუგდიდელის" წევრები და მრევლი ესწრებოდა.

Print