ახალი ამბები
ზუგდიდში კორპუსის მშენებლობას მოქალაქეები აპროტესტებენ
ზუგდიდში ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას მოქალაქეები აპროტესტებენ. საუბარია მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, რომელიც გამარჯვების ქუჩაზე, სახანძრო სამსახურის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ამასთან დაკავშირებით, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით, შეხვედრა გაიმართა. მას ობიექტის მშენებელი კომპანიის , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მედია და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეები, რომლებიც მშენებლობის დაწყებას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ ახალი კორპუსი მათ სახლებს დაჩრდილავს, გარდა ამისა, ბავშვებს არ ექნებათ სათამაშო სივრცე.

„კორპუსის აშენების შემთხვევაში მოვითხოვ საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას, რადგან იქ ცხოვრება გაუსაძლისი იქნება“, - თქვა მოქალაქე ჟორა შენგელიამ.

მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მშენებლობის აკრძალვა, იქნება პოზიტიური მაგალითი იმისა, რომ პროექტის განხორციელებისას მოქალაქეების აზრი გაითვალისწინეს.

საკრებულოს ყოფილი წევრი თენგიზ ქოჩუა, რომელიც ამ შეხვედრას მოქალაქის სტატუსით ესწრებოდა, შესაძლო კორუფციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 3 მილიონად შეფასებული ქონება გაცილებით იაფად გაიყიდა.

"კომპანიას მშენებლობა უნდა დაესრულებინა 2 წლის ვადაში, დაესაქმებინა 70 ადგილობრივი, უნდა შემოსულიყო მილიონ ნახევრიანი ინვესტიცია, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ერთადერთი, რაც გაკეთდა იყო სახანძრო შენობის დემონტაჟი. ჩამოსული იყო სოსო ფხაკაძე ,,ვისოლისა“ და შპს ,,ველა ჯიოს“ გენერალური დირექტორი. პირობიან აუქციონს შეუცვალეს პირობები და 2 წლით გაუგრძელა ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, იყო მოლაპარაკებული, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები. გული შემტკივა, რომ 3 მილიონზე მეტი ღირებულების ქონება გაიყიდა 363 000 ლარად“, - თქვა ქოჩუამ.

მერიის წარმომადგენელი მამუკა ლოგუა ამბობს, რომ მშენებლობა სუბიექტურად მისთვისაც მიუღებელია, თუმცა აღნიშნული ტერიტორია კანონის სრული დაცვით გაიყიდა.

„შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ორივე მხარემ მერიას უნდა მიმართოს განცხადებით და მოხდება მშენებლობის კორექტირება. თუ არადა, ნებართვა ჩვეულებრივი წესით არის გაცემული და განხორციელდება იმ ვადაში და პირობით, როგორც არის მითითებული დოკუმენტში“, - განმარტა მამუკა ლოგუამ.

თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან.

„ვაპირებთ გასვლას და მინდა, რომ თითოეულის აზრი მოვისმინოთ, თუ რა პრობლემის წინაშე დგანან და გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. შემდეგ აუცილებლად იურისტებთან გავივლით კონსულტაციებს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა“, - ამბობს შპს ,,ზუგდიდი პალასის“ დირექტორი მიხეილ გორგილაძე.





Print