ახალი ამბები
ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება სურთ
ზუგდიდში ერთ-ერთი ქუჩისთვის ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება საკრებულოში "ლელო საქართველოსთვის" სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ დღეს შეიტანა.

„გვინდა, რომ ამით უკდავვყოთ მარო მაყაშვილის ხსოვნა, მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ მისი სახელები. ისე არ უნდა მოვექცეთ ჩვენს მოსახლეობას, როგორც ამას აკეთებენ, შემოჰყავთ გავრილოვები და ეპატიჟებიან ლავროვებს. ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლებს კი ივიწყებენ“, - თქვა ქოჩუამ.

საკრებულოში ამბობენ, რომ სხვადასხვა ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე შესაბამისი კომისია დიდი ხანია მუშაობს და უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზუგდიდში მარო მაყაშვილის ქუჩა იქნება.


„დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალები და უახლოეს მომავალში ბევრ ქუჩას გადაერქმევა სახელი და მიენიჭება გამოჩენილი ადამიანების და ეროვნული გმირების, მათ შორის, მარო მაყაშვილის სახელი. ამ ყველაფრის შესახებ თენგო ქოჩუა ინფორმირებული იყო. თუ რომელიმე კონკრეტული ქუჩისთვის უნდათ ამ სახელის მინიჭება, მაშინ ბატონმა თენგომ, რომელიც იყო საკრებულოს წევრი, კარგად იცის, რა პროცედურებია ამისთვის საჭირო. მაგალითად, მოსახლეობის ხელმოწერის შეგროვება და სხვა“, - თქვა ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ. 

1921 წლის 19 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან, კოჯრის ფრონტზე, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან შეტაკებისას 19 წლის სტუდენტი, მოწყალების და მარო მაყაშვილი დაიღუპა.


Print