ახალი ამბები
საფლავების გაქურდვის ბრალდებით წალენჯიხაში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაფლაოს გაქურდვის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული პ.ს დააკავეს. მამაკაცი სოფელ ლიაში ადგილობრივ სასაფლაოზე მდებარე ერთ-ერთი საფლავის მესრის დეტალებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით საფლავიდან მოპარული ლითონის დეტალები ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. აღნიშნული პირი წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print