ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ლიეტუვის მოქალაქე იმყოფება (ვიდეო)
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა და ის ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიეტუვიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მეგობართან სტუმრად ჩამოვიდა. როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
"დღესდღეობით საავადმყოფოში მოთავსებულია 15 პაციენტი. აქედან, გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება ერთ პაციენტს, რომელიც არის ლიეტუვის მოქალაქე. მას უტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები და არის დაკვირვების ქვეშ. რადგან ლიეტუვა არ მიეკუთვნება კორონავირუსის რისკ ჯგუფებს, შესაბამისად, ამ პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, თუკი მოხდა გართულება, შემდგომ მოხდება უკვე შესაბამისი ანალიზების დამატებით აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა. სტაბილური სიტუაციაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მოვუწოდებ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე", - თქვა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საავადმყოფო აღჭურვილია თანამედროვე ბოქსირებული პალატით, ლაბორატორიით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
Print