რეგიონი
სოხუმი: გალის მცხოვრებლებზე საშვების გაცემა, სავარაუდოდ, 7 აპრილამდე შეჩერდება
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გალის რაიონის მცხოვრებლებზე საშვების გაცემა 7 აპრილამდე შეჩერდება, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა და გადაადგილება ორივე მიმართულებით აიკრძალა. რაც შეეხება "ფსოუს" საკონტროლო გამშვებ პუნტს, უწყების ინფორმაციით, "რუსეთიდან აფხაზეთში შესვლა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის არის ნებადართული", წერს გამოცემა "აიაირა".

თუმცა, ამავე ცნობით, "უსაფრთხოების სამსახური" არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დანარჩენ საქართველოში გადაადგილების მსურველთათვის საშვი არ გაიცემა. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი "პრემიერ - მინისტრის" და "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განკარგულების მიხედვით მოქმედებენ, რომლის თანახმად 2020 წლის 7 აპრილამდე აფხაზეთში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეზღუდებათ, გამონაკლისს მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენენ, "რომლებთანაც რესპუბლიკას უვიზო რეჟიმი აქვს დაწესებული".
Print