ახალი ამბები
კორონავირუსთან დაკავშირებით სამეგრელოში სამუშაო ჯგუფი იქმნება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასკოლო ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდება რეგიონის სახელოვნებო სკოლები. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, სამუშაოების დროული შესრულებისა და მეტი კოორდინაციისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფს, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები შევლენ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რეგიონში დედის დღის და 8 მარტისადმი მიძღვნილი ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდება.
Print