რეგიონი
დევნილებს, რომლებიც მიწის ნაკვეთს ფლობენ სახლებს აუშენებენ
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლებს ააშენებენ. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

განაცხადების მიღება 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში 122 სახლი აშენდება.

პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
Print