ახალი ამბები
აფხაზური მედია: პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია ქალაქ სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. ამავე ცნობით, მედიკოსებმა ის მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს, რათა შესაძლებელი გახდეს მისი კრასნოდარის კლინიკაში ტრანსპორტირება. ამავე წყაროს ცნობით, "ბჟანია მძიმე მდგომარეობაშია".

დღეს ასლან ბჟანიამ ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება იგრძნო, რის შემდეგაც ის სოჭის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"სოჭში ბჟანია ცუდად გახდა. ის სასწრაფოდ მოათავსეს ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში. როგორც ჩანს, საქმე ეხება საკვებით მოწამვლას", - განაცხადა ბჟანიასთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა რენატ ქარჩაამ.

მანამდე, მედია კლუბმა "Аҧсны.иахьа" გაავრცელა ინფორმაცია შემდეგი სათაურით: "ასლან ბჟანიაზე თავდასხმა ხელმეორედ განხორციელდა".

"აფსადგილ ინფოს" ცნობით, 28 თებერვალს პოლიტიკოსი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრეს-კონფერენციას მართავდა.

ასლან ბჟანიას ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთმა "საპრეზიდენტო" კანდიდატმა, ადგურ არძინბამ ამომრჩევლებთან შეხვედრა შეწყვიტა.

2019 წელს ბჟანიამ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია, თუმცა 2020 წლის იანვარში პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ ის მოწამლეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები 22 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, რესპუბლიკის "ვიცე-პრემიერი" ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი "მინისტრი" ლეონიდ ძიაპშბა.

Print