ახალი ამბები
აფხაზური მედია: წყაროს ცნობით ასლან ბჟანია გაურკვეველი ნივთიერებით მოიწამლა
"პრეზიდენტობის კანდიდატის" ასალან ბჟანიას მდგომარეობა 2 მარტს გაუარესდა. თავდაპირველად ის სოჭის ერთ-ერთ კილინიკაში, შემდეგ კრასნოდარის საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს "აფსადგილ ინფო". მედიკოსებმა  პაციენტს შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: "გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლვა". აფხაზური ინტერნეტ გამოცემის ცნობით,  ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ავრცელებს, ყუბანის სამედიცინო წრეების წყაროზე დაყრდნობით. 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექიმებმა ის მედიკამენტოზურ კომაში გადაიყვანეს, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი კრასნოდარის კლინიკაში ტრანსპორტირება. ამავე წყაროს ცნობით, "ბჟანია მძიმე მდგომარეობაში" იმყოფებოდა. 3 მარტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კომიდან გამოიყვანეს. მისი წარმომადგენლის რენატ ქარჩაას თქმით, ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.  2019 წელს ბჟანიამ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია, თუმცა 2020 წლის იანვარში ბჟანია აცხადებდა, რომ ის მოწამლეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები 22 მარტს გაიმართება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, რესპუბლიკის "ვიცე-პრემიერი" ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი "მინისტრი" ლეონიდ ძიაპშბა.



Print