რეგიონი
TI: 2018-2019 წლებში კვებასა და საწვავზე სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნიამ ყველაზე მეტი თანხა დახარჯა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ სარესტორნო მომსახურებასა და საწვავზე  ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი თანხა დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ“ ანგარიშში გამოაქვეყნა.  კვლევის  მიხედვით, რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების შესაძენად სამხარეო ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში 22 742 ლარი დახარჯა, ხოლო საწვავზე 190 089 ლარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ასევე თავმოყრილია ადმინისტრაციის მიერ გაწეული სხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციაც.

ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ თანამშრომელთა მივლინებებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ბოლო ორი  წლებში განმავლობაში , ჯამში 12 208 ლარი დახარჯა;

შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატზე -  61 707 ლარი;

სატელეკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯები - 8  689 ლარი;

ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯები - 81 3704 ლარი;

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 2018-2019 წლებში წარმომადგენლობით ხარჯები 2018 წელთან შედარებით 2019 წელს განახევრებულია.  რაც შეეხება საწვავის ხარჯებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს მოსახლეობასთან გაზრდილმა კომუნიკაციამ განაპირობა.

„საავტომობილო მომსახურეობის ხარჯები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2018 წელთან შედარებით განახევრდა. თუ 2018 წელს ეს ხარჯი იყო 55 787, 2019 წელს შეადგინა 26 818 ლარი. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ამ მიმართულებით სამჯერ ნაკლები დაიხარჯა და ნაცვლად 16 ათასი ლარისა შეადგინა 6 749 ლარი. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, აქ ზრდა არის 40 ათასი ლარით და განპირობებულია არა ხელფასების მატებით, არამედ იმით რომ თუ ადრე სახელმწიფო რწმუნებულს ყავდა 2 მოადგილე და იყო ვაკანტური თანამდებობები ამჯერად ვაკანტური ადგილები შეივსო. რაც შეეხება საწვავს, მისი მცირეოდენი ზრდა არის განპირობებული მოსახლეობასთან გაზრდილი კომუნიკაციით. თქვენ იცით, რომ რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში რწმუნებული და მისი მოადგილეები ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ არსებული პრობლემების შესწავლის და მოგვარებისთვის, ასევე უკვე აღვნიშნეთ რომ შეივსო ვაკანტური ადგილები“, - გვითხრეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა  ინფორმაცია 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულების ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ, რაც ჯამურად 10 797 168 ლარს შეადგენს.
Print