ახალი ამბები
მესტიაში სამი ტურისტი დაიღუპა
მესტიაში, თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ტურისტი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს. ამავე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა. მესტიის მერის მოადგილის ნელი ნავერიანის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„სამწუხაროდ მოხდა ეს ფაქტი. სამი გარდაცვლილია, ერთი კი დაშავებული. ახლა ველაპარაკე ექიმს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სულ ექვსნი იყვნენ, აქედან ორი უვნებლად ამოიყვანეს მაშველებმა. როგორც მაქვს ინფორმაცია თეთნულდზე, ზედა ზონაში იმყოფებოდნენ, სადაც ყველაზე მეტადაა ზვავსაშიშროება და ტურისტები თვითნებურად ადიან. აღნიშნული ადგილები მარკირებულია და მათ იციან საფრთხეების შესახებ, თუმცა მაინც ადიან“,- ამბობს ნავერიანი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდა.


Print