რეგიონი
ფოცხოეწერში მოსახლეობა საკარანტინო ზონის შესაძლო განთავსებას აპროტესებს
წალენჯიხის სოფელ ფოცხოეწერში, სასტუმროში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში შესაძლოა საკრანტინო სივრც მოეწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა ადგილი, მათ შორის, ფოცხოეწერის სასტუმრო განიხილება.

„ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუ ფოცხოეწერი გადაწყდა, რა თქმა უნდა იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, - ამბობენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ფოცხოეწერის მოსახლეობა მათ სიახლოვეს საკარანტინო ზონის განთავსებას ეწინააღმდეგება და ამბობენ, რომ იქ შესაბამისი პირობები არ არის.

„დადასტურებულად არაფერი ვიცით, ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ აქ საკარანტინო სივრცეს აწყობენ. ამოდიან უცხოელები და აკვირდებიან. ფოცხოეწერი პატარა დასახლებაა და თითქმის უმწეო ხალხი ცხოვრობს. ვფიქრობთ, რომ აქ საკარანტინო სივრცის მოწყობა უსაფრთხო არ იქნება აქ მცხოვრებლებისთვის, რადგან შენობა არ არის მოწყობილი. არც საკანალიზაციო სისტემაა მოწესრიგებული... აქვე ახლოს ერთადერთი პარკია, სადაც ბავშვები თამაშობენ. თუ ასე გადაწყდება, პროტესტი იქნება რა თქმა უნდა. ჯერჯერობით გვინდა, რომ დაველაპარაკოთ ამ ხალხს, რას აპირებენ“, - ამბობს ირაკლი აკობია

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 9 პირი, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

Print