რეგიონი
ზუგდიდის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი იმ შპს-ისთვის გამოიყო, რომელიც აუდიტის ანგარიშში მოხვდა
ზუგდიდის საკრებულომ შპს „აგროსერვისს“, რომელიც 2017-2018 წლის აუდიტის დასკვნაში მოხვდა, ფინანრული ხელშეწყობისთვის  250 ათასი ლარი გამოუყო. საკითხს მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაუჭირეს. საკრებულოს ეს  გადაწყვეტილება პარტია "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის და "ევროპული საქართველოს" წევრებმა გააპროტესტეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიის ამ შპს-ს სარგებელი საეჭვოა, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ უწევენ ფინანსურ დახმარებას.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, "აგროსერვითან" საკრებულოსაც იგივე რეკომენდაცია ჰქონდა, რაც აუდიტის სამსახურს.

„საკრებულოსაც, პირადად მეც იგივე რეკომენდაცია გვქონდა გაცემული, რაც მოყვანილია აუდიტის დასკვნაში, რასაც არასამთავრობოებიც ახმოვანებდნენ. ერთადერთი შპს, რომელმაც რამდენიმე  წლის განმავლობაში თავის ფუნქცია ვერ შეასრულა და პირდაპირ  საკრებულომ მიუთითა, რომ ეს არის ხარჯვითი ორგანიზაცია. დრო არის, რომ მან მუნიციპალიტეტს დაუმტკიცოს თავისი არსებობის აუცილებლობა.  მოვთხოვეთ კიდევაც კონკრეტული პროექტების და პროგრამების წარმოდგენას, რომლის დაფინანსების აუცილებლობასაც ჩვენ გადავწყვეტთ“, - ამბობს წოწერია.

აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით ხარვეზები გამოავლინა. მათ შორის, საუბარია  შპს „აგროსერვისზე“, რომელიც ძირითადად სანერგე მეურნეობის მოწყობა არის გათვალისწინებული.




Print