ახალი ამბები
ზუგდიდში ძაღლს, რომელმაც ლეკვები „იშვილა“ სახლი დაუდგეს (ფოტო, ვიდეო)
მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარი შვილების დაკარგვის შემდეგ, მიტოვებული ლეკვები გამოკვება, სახლი დაუდგეს.
სახლი ბათუმიდან ზუგდიდში, კამპანია "ერთად ავაშენოთ კერას" ფარგლებში, ლევან ჩხაიძემ ჩამოიტანა.მისი თქმით, რადიო "ათინათის" მასალის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, ძაღლის დასახმარებლად თანხა ქართველმა ემიგრანტებმა გადმორიცხეს.
"ნაგვის ურნასთან მიტოვებული ბრმა ლეკვები აიყვანა დედა-ძაღლმა, რომელმაც თავისი შვილები, ისევ და ისევ ადამიანის სისასტიკის გამო დაკარგა. ჩემი აქტივობა ემსახურება იმას, რომ ეს და სხვა ლეკვები არ დარჩეს გარეთ. მინდა რომ ეს დაუცველი არსებები უსაფრთხოდ იყონ. ასევე, აუცილებლად ბავშვებს მივცეთ კარგი მაგალითი. მადლობას ვუხდი ზუგდიდის მოსახლეობას, სავაჭრო ცენტრის დირექციას და იმ ადამიანებს, ემიგრანტებს, ვინც დაგვეხმარა", - თქვა ლევან ჩხაიძემ. ბათუმისა და თბილისის შემდეგ, ეს უკვე რიგით 45-ე სახლია, რომელსაც ის მოქალაქეების მხარდაჭერით, უპატრონო ცხოველებისთვის ქუჩაში დგამს. მიუსაფარმა ძაღლმა, რომელმაც ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ ცხოვრობს, სამი ახალშობილი ლეკვი "იშვილა". ადგილზე მომუშავეების თქმით, მან საკუთარი შვილები მას შემდეგ დაკარგა, რაც ადამიანებმა სცემეს. რადიო "ათინათის" მიერ მომზადებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ "ბუძღუკას" "შვილობილების" რიცხვს კიდევ 4 მიტოვებული ლეკვი შეემატა.

Print