ახალი ამბები
აფხაზეთიდან კოდორის ხეობისკენ მიმავალი გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა
6 მარტს ჩამოინგრა კოდორის ხეობისკენ მიმავალი გვირაბის ნაწილი, წერს ინტერნეტ გამოცემა "აიაირა". ამავე ინფორმაციით, 9 მარტს გზების და გვირაბის მდგომარეობის შესამოწმებლად, ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ლევ კვიცინია.

"გვირაბის ნაწილი პარასკევს ჩამოინგრა. ჯერჯერობით ამ ადგილის შემოვლა შეიძლება, თუმცა, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა ისევ გაგრძელდება. თუკი ეს მოხდება, კოდორის ხეობის და იქ არსებული სოფლებისკენ მიმავალი გზა ჩაიხერგება", - აღნიშნა ჯოპუამ.

მისივე თქმით, გვირაბის შესაძლო ჩამოშლის საკითხი ჯერ კიდევ 5 წლის წინ დააყენეს, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. აფხაზი მინისტრის ინფორმაციით, ურალიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა გვირაბის ექსპერტიზა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად, გზა უნდა გადაიკეტოს და ამისთვის, 240 მილიონი რუბლი დაიხარჯოს. მისივე თქმით, ვინაიდან, ეს ხეობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, ეს ვერ მოხერხდა. გამოცემის ცნობით, გვირაბი, რომელიც აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებს კოდორის ხეობასთან აკავშირებს, 1964 წელს აშენდა. პირველი ბზარი კი მას სამი წლის წინ გაუჩნდა, მას შემდეგ ის ავარიულ მდგომარეობაშია.




Print