რეგიონი
კონსორციუმის წარმომადგენელი ანაკლიაში ქვიშის ქარზე: პორტთან დაკავშირებთი პასუხისმგებლობა მოხსნილი გვაქვს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის ტერიტორიაზე ბოლო დღეებში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. კონსორციუმის წარმომადგენლის სოფო შამუგიას თქმით, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათთან ხელშეკრულება გაწყვიტა, არანირი ბერკეტი არ გააჩნიათ პრობლემის მოსაგვარებლად. ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ ზუგდიდის ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ისაუბრა.

„საუბარია 110 ჰექტარზე მოყრილ 5 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშაზე, რაც სიღრმიდან გრუნტის გამყარების გამო ამოიტანეს. მისი დაკონსერვების სამუშაოები ვერ მოეწრო, რადგან 2020 წლის სამი თებერვლიდან ჩვენ არ ვფლობთ ამ ტერიტორიას და არ გაგვაჩნია ბერკეტები. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე ეკისრება სახელმწიფოს“, - ამბობს სოფო შამუგია.

„ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ახვლედიანი ანაკლიაში მძიმე ეკოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ეს მთავრობის უპასუხისმგებლობის ბრალია.

„ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი, ანაკლიის პორტი შეჩერებულია, შესაბამისად იქ წარმოებული სამუშოებიც. ზღვიდან ამოტანილი მისის კონსერვაცია ვერ მოესწრო. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ გადაიბარა ტერიტორია. ყველა ის საქმიანობა რასაც აწარმოებდა კონსორციუმი უნდა აწარმოოს სახელმწიფომ და უზრუნველყოს ამ ქვიშის კონსერვაცია“, - ამბობს ახვლედიანი.

ანაკლიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვიშიანი ქარი იყო, რამაც მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა. კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდა.

Print