რეგიონი
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის თხოვნით, ფონდს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის - სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 13 მლნ ლარია. აქედან, წელს, საორიენტაციოდ, 4 მლნ ლარის სამუშაოს შესრულება იგეგმება.

მთავრობის ცნობით, პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
Print