ახალი ამბები
ზუგდიდელმა ძმებმა უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დადგეს (ფოტო)
დავით ლოგუამ ზუგდიდში, ორ ლოკაციაზე, უპატრონო ძაღლებისთვის დადგა სახლები წარწერით: "სალამი ყველა მაწანწალას". როგორც თვითონ ამბობს, იდეა მის ძმას, ზურას ეკუთვნის, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

"სალამი ყველა მაწანწალას" - არის ერთგვარი სოციალური პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდში პირველად მოეწყო მცირე აქცია. ის მიზნად მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი კერის შექმნას ისახავს. ინიციატივა წამოვიდა ჩემი ძმისგან, ზურასგან, რომელმაც მთხოვა, რომ ქალაქში დაგვედგა სახლი, რომლითაც ისარგებლებდნენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები", - უთხრა რადიო "ათინათს" დავით ლოგუამ.
მისი თქმით, იდეის ხორცშესხმა ეტაპობრივად დაიწყეს. ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ძმებს რამდენიმე სხვა მოქალაქეც დაეხმარა.

"დაგვეხმარნენ ადამიანები, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო პასუხიმგებლობა და გაგვიწიეს მნიშვნელოვანი შეღავათი, რისთვისაც მიშა ჩხოლარიას და ჯონი თოდუას ვუხდით ძალიან დიდ მადლობას", - ამბობს დავითი.  

მისივე ინფორმაციით. ძაღლებისთვის განკუთვნილი ერთი სახლი ყოფილი ციხის ტერიტორიაზე, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ხოლო მეორე - ეროვნული არქივის მიმდებარედ განთავსდა.

"გავითვალისწინე ჩემი მეგობრების და სხვა ცხოველთამოყვარულების რჩევები. ორივე ლოკაციაზე, წვიმასა და ყინვაში მხვდებოდნენ გათოშილი მიუსაფარი ძაღლები", - აღნიშნა მან.
დათო და ზურა ლოგუები მიუსაფარი ცხოველების ამ სახით დახმარებას მომავალშიც გეგმავენ. იმედი აქვთ, რომ ამ საქმეში ზუგდიდელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან.

"თანამოქალაქეებს გვინდა გზავნილი გავუკეთოთ, რომ უფრო ხშირად გამოვხატოთ სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც თანადგომას საჭიროებს", - ამბობს დავით ლოგუა.

მანამდე, ზუგდიდში მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც საკუთარი შვილების დაკარგვის შემდეგ, მიტოვებული ლეკვები გამოკვება, სახლი ბათუმელმა ლევან ჩხაიძემ ჩამოუტანა.
Print