ახალი ამბები
სოხუმმა მედპერსონალისთვის ჰუმანიტარული დახმარება მიიღო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გაეროს ეგიდით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა სოხუმს მედპერსონალისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გადასცეს, წერს "აფსადგილ ინფო". გამოცემის ინფორმაციით, ტვირთი შეიცავს მედიკამენტებსა და სპეციალურ საშუალებებს (ნიღბები სპეციალური ფილტრით, კომბინეზონები, ხელთათმანები, ეკიპირება, ერთჯერადი ზეწრები, ბაჰილები). ეს ყველაფერი რესპუბლიკური საავადმყოფოს დისპანსერს გადაეცემა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, პაციენტების მკურნალობა იგეგმება. 

მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ მიიღეს, სპეციალიზირებული ტეპლოვიზორია, რომელსაც ფსოუს სანიტარულ - საკარანტინო პუნქტზე განათავსებენ. მან აღნიშნა, რომ აქამდე, ისინი სიცხეს ჩვეულებრივი თერმომეტრებით ზომავდნენ. ამავე ცნობით, სოხუმი უახლოეს პერიოდში დამატებით მიიღებს ინდივიდუალური დაცვის კიდევ 500 კომპლექტს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს ჩაიკეტა. ამავე ცნობით, რესპუბლიკაში შესვლა და რესპუბლიკიდან გასვლა ეკრძალება ყველა კატეგორიის მოქალაქეს, ენგურჰესის თანამშრომლების გარდა. აღნიშნული განკარგულება თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 11 მარტს გასცა.

ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვალს შეიზღუდა. აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.







Print