ახალი ამბები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაციამ სოხუმში ანტისეპტიკური საშუალებები ჩაიტანა
სოხუმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს განცხადებით, დელეგაციამ აფხაზეთში პირადი ჰიგიენის საშუალებები ჩაიტანა, წერს "აფსადგილ ინფო".

"იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, ეს დიდი მიღწევაა, რომ ჩვენ ამ დონის ექსპერტების ჩამოყვანა შევძლეით აფხაზეთში და ასევე, გარკვეული რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები ჩამოვიტანეთ, მათ შორის, 600 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე, 500 ლიტრი ანტიბაქტერიული საპონი და 500 კომპლექტი პერსონალური მოვლისთვის", - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

შეხვედრაზე მან კორონავირუსის პრევენციული ზომების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველას მოუწოდა მკაცრად დაიცვან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.



Print