ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი "საპრეზიდენტო" არჩევნები მიმდინარეობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "საპრეზიდენტო" არჩევნები იმართება, წერს "აფსნიპრესი". გამოცემის ცნობით, არჩევნებში სამი კანდიდატი, "ოპოზიციის ლიდერი,  პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია, ვიცე -  პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და შს ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა მონაწილეობენ".

ამავე ინფორმაციით, განმეორებითი არჩევნები იანვრის მოვლენების შემდეგ დაინიშნა, რის შედეგადაც რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

"საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, დილის 8 საათიდან გახსნილია 154 საარჩევნო უბანი, მათ შორის, ორი - მოსკოვსა და ჩერკესკში. ისინი 8:00 20:00 საათზე დაიხურება. საარჩევნო სიაში 127 ათასზე მეტი ადამიანია შეტანილი. კენჭისყრის საბოლოო შედეგებს "ცესკო" სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 იანვარს რაულ ხაჯიმბამ დატოვა "პრეზიდენტის" ადმინისტრაცია,  მას შემდეგ, რას შენობის წინ კრიმინოგენული და საზოგადოებრივ - პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილო მომიტინგეები შეიკრიბნენ.

10 იანვარს, "უზენაესმა საბჭომ"  2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული "საპრეზიდენტო" არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

12 იანვარს, ის მოქალაქეები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მართავდნენ აქციას, სოხუმში "სახელმწიფო" აგარაკის წინ შეიკრიბნენ, სადაც რაულ ხაჯიმბა იმყოფებოდა. იმავე დღეს  მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. 13 იანვარს "პარლამენტმა" ერთხმად დაუჭირა მხარი რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტის" თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

2020 წლის 12 იანვარს საარჩევნო კომისიამ  "საპრეზიდენტო" არჩევნების თარიღად 22 მარტი დაასახელა.

"საარჩევნო კომისიის" მონაცემებით "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ ამომრჩეველთა 39 793 (47,39%), ხოლო მისმა ოპონენტმა ალხას კვიცინამ  - 38 766 (46,17%) ხმა მიიღო.


Print