ახალი ამბები
აფხაზური მედია: წინასწარი შედეგებით "საპრეზიდენტო" არჩევნებში ასლან ბჟანია იმარჯვებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ "პრეზიდენტობის" კანდიდატს ასლან ბჟანიას, არჩევნების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, გამარჯვება მიულოცა, წერს "აფსნიპრესი". მანამდე, აფხაზური ოპოზიციის ლიდერს გამარჯვება პირადად მიულოცა "პრეზიდენტობის" მეორე კანდიდატმა - ადგურ არძინბამ.

"მე მიხარია, რომ კანდიდატები ულოცავენ ოპონენტებს. რამდენადაც მახსოვს, ეს პირველად ხდება. ეს უკვე დიდი ნაბიჯია და იმედი მაქვს, რომ წინ ბევრი კეთილი და კარგი საქმე გველოდება", - უთხრა ბჟანიამ მასთან შტაბში მისალოცად მისულ არძინბას.

განმეორებითი "საპრეზიდენტო" არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 22 მარტს გაიმართა. წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 97 209 (75,68%)ადამიანმა მიიღო.

გამოცემის ცნობით, არჩევნებში სამი კანდიდატი, "ოპოზიციის ლიდერი, დეპუტატი ასლან ბჟანია, ვიცე - პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და შს ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა" მონაწილეობდნენ.

"საარჩევნო კომისიის" თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, "პრეზიდენტის" არჩევნების წინასწარ შედეგებს ოფიციალურად დღეს, 23 მარტს 11 საათზე გამოაცხადებენ.

.


Print