ახალი ამბები
ასლან ბჟანია: სოხუმსა და თბილისს ჟენევის გარდა დიალოგის სხვა ფორმატი სჭირდება
სოხუმს და თბილისს ჟენევის მოლაპარაკებების გარდა სხვა ფორმატის შეხვედრებიც სჭირდება, სადაც "უფრო მცირე მასშტაბის ტრანსსასაზღვრო საკითხებზე იმსჯელებენ", ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა, "საპრეზიდენტო" არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.

"ქართველები და საქართველოს სახელმწიფო - ჩვენი მეზობლები არიან. გვსურს თუ არა, ჩვენ მათთან საკმაოდ ბევრი კონტაქტი გვაქვს, საქართველოს მოქალაქეების სახით, ასევე აფხაზეთის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრობენ აქ, საზღვარს კვეთენ და გადადიან ხოლმე იქით. ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ - სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი მოქალაქეც იძულებულია იქეთ - აქეთ იაროს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისეც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულს ჩადიან და თავს საქართველოს აფარებენ. პირიქითაც ხდება ხოლმე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ენგურჰესის ენერგეტიკულ კომპლექსის ექსპლუატაციას. ესეც კონტაქტების გარკვეული რაოდენობაა", - განუმარტა ბჟანიამ გამოცემას.  მისივე თქმით, ამ ტიპის მიმდინარე საკითხების გადასაჭრელად შესაძლოა მოლაპარაკებების და კონტაქტების სხვა ფორმატი შეიქმნას.

"ეს შეიძლება იყოს არც თუ ისე დაშორებული ტერიტორია ან სივრცე, როგორც, ვთქვათ, ჟენევის. აქ, საზღვარზე ან სადმე მახლობლად, აი ასეთი საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც ყოველდღე იჩენენ ხოლმე თავს", - თვლის ბჟანია.

მან აღნიშნა, აფხაზეთში მიდის ინფორმაცია "სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ უფრო ინტენსიური დიალოგის ჩამოყალიბება".


Print