ახალი ამბები
ფოტოგრაფმა რომან თოლორდავამ ფოცხვერი ხობისწყლის ხეობაში გადაიღო
ჩხოროწყუელმა რომან თოლორდავამ ველურ ბუნებაში, ხობისწყლის ხეობაში ფოცხვერისთვის ფოტოს გადაღება შეძლო. ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ ის ახალგაზრდა ინდივიდი იყო და სავარაუდოდ, პარტნიორს ეძებდა.

„გადაღებიდან მოვდიოდი, სრულიად შემთხვევით გადავეყარე, საოცარი სანახავი იყო. დაახლოებით, 80 სმ იქნებოდა. ამ დღეებში ეგრისის ქედზე დიდი თოვლი იყო და ალბათ ამიტომ ჩამოვიდა დაბლა. ვფიქრობ, ადამიანი საერთოდ არ ჰყავდა ნანახი, რეაქცია არ ჰქონია თავიდან, შემდეგ ძალიან სწრაფად გახტა... 10-მდე ფოტოს გადაღება მოვასწარი. ამ მიდამოებში ფოცხვერი ბოლოს 15 წლის წინ ნახეს. ძალიან ფრთხილი ცხოველია, მისი ნახვა და მით უმეტეს ფოტოს გადაღება ძალიან რთულია", - უთხრა რადიო „ათინათს“ თოლორდავამ.

მისივე თქმით, მდინარე ღუნჯის მისადგომები, სადაც ფოცხვერი დააფიქსირა, დასახლებული პუნქტიდან, სოფელ მუხურიდან 22 კილომეტრში მდებარეობს.

Print