ახალი ამბები
ზუგდიდში ახალი ააიპ-ის დაფუძნება გადაიდო
ზუგდიდის მერიის ააიპ ,,სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დაფუძნების შესახებ საკრებულოს დღეს არ უმსჯელია. აღნიშნული ინიციატივა ბიუროს სხდომაზე განიხილეს და დეპუტატებმა ჩათვალეს, რომ საკითხი მეტ მსჯელობას მოითხოვდა. აქედან გამომდინარე, ახალი ააიპ-ის შექმნის იდეის განხილვა გარკვეული ვადით გადაიდო. აღნიშნული თემის დღის წესრიგიდან ამოღების მთავარი ინიციატორი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიაა.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომუნიკაცია შეზღუდულია, ჩვენ კი გვჭირდება სრულყოფილი არგუმენტების მოსმენა, რათა დავრწმუნდეთ ამ ააიპ-ის რეორგანიზაციის მიზანშეწონილობაში ანუ ორად გაყოფაში. გადაივლის ეს პერიოდი და უფრო მეტად მოვუსმენთ ააიპ-ის მენეჯმენტს და მერიას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი ფუნქციონირების და მენეჯმენტის თვალსაზრისით, გაყოფა ეფექტური იქნება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მამუკა წოწერიამ.

ზემოაღნიშნული საკითხი ააიპ „მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის“ რეორგანიზაციას და მასში შემავალი სახელოვნებო სკოლებისგან კიდევ ერთი ააიპ-ის შექმნას გულისხმობს. მერიაში ამბობენ, მისი დაფუძნება ხარჯების გაზრდას და ახალი შტატების შექმნას არ ითვალისწინებდა.


Print