ახალი ამბები
ანაკლიის აკვაპარკი ზუგდიდს მუნიციპალურ საკუთრებაში გადაეცა
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიმ" ანაკლია-განმუხურის აკვაპარკი ზუგდიდს მუნიციპალურ საკუთრებაში გადასცა. თავის მხრივ, მერიამ გასართობი ობიექტის პირდაპირი განკარგვის უფლება შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS” მისცა. გადაწყვეტილებას საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი, თუმცა რამდენიმე დეპუტატმა თემის ირგვლივ კითხვა დასვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ თქვა, რომ ის საკითხს მხარს უჭერს, თუმცა დაინტერესდა რამდენად მომგებიანი იქნება ის მუნიციპალიტეტისთვის. დეპუტატის ამ კითხვას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა ობიექტმა გასული წელი ნულოვანი მოგებით დაამთავრა, ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მერიისთვის მისი გადაცემა ლოგიკურია.

„გასულ წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და კომპანიამ ამისთვის დიდი ხარჯი გასწია. აქედან გამომდინარე, მისი შენახვა დიდ თანხებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.  ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ აკვაპარკმა წელს ვერ იმუშავა, შესაბამისად დანახარჯიც არ ექნება, - განმარტა წოწერიამ.

ცნობისთვის, აკვაპარკი  2012 წელს აშენდა და ის კანადურმა კომპანიამ “White Water West” დააპროექტა.




Print