რეგიონი
ლაშა გოგია და გია გულორდავა ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ინფორმაციას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ.

,,2020 წლის აპრილში შესაბამისი ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 50 მსჯავრდებულს, მათ შორის მსჯავრდებულებს ლ.გ.-ს და გ.გ.-ს (ვინც მოიხადა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი ვადა) მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეეცვალათ უფრო მსუბუქი სასჯელით - შინაპატიმრობით'', - განმარტავენ პენიტენციურ სამსახურში.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და 2-2 წელი პატიმრობა, 4-4 წელი კი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

პატიმრები უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობდნენ. მათ პატიმრობის ვადა ნოემბერში ეწურებოდათ.
Print