ახალი ამბები
23 აპრილს სოხუმში "პრეზიდენტის" ინაუგურაცია გაიმართება
23 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაცია გაიმართება. კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, საზეიმო ცერემონიას უცხოელი სტუმრები არ დაესწრებიან, წერს "აბხაზია ინფორმი". ამავე ცნობით, "პრეზიდენტი ფიცს პარლამენტის დეპუტატებისა და საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრების თანდასწრებით დადებს".

განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით. არჩევნებში სამი კანდიდატი, "ოპოზიციონერი დეპუტატი ასლან ბჟანია, ვიცე - პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და შს ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა მონაწილეობდნენ".

24 მარტს ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის "პრემიერ-მინისტრის" თანამდებობას, ყოფილი "პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.

განმეორებითი არჩევნები იანვრის მოვლენების შემდეგ დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 იანვარს რაულ ხაჯიმბამ დატოვა "პრეზიდენტის" ადმინისტრაცია, მას შემდეგ, რას შენობის წინ კრიმინოგენული და საზოგადოებრივ - პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილო მომიტინგეები შეიკრიბნენ. 10 იანვარს, "უზენაესმა საბჭომ" 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული "საპრეზიდენტო" არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.  12 იანვარს, ის მოქალაქეები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მართავდნენ აქციას, სოხუმში "სახელმწიფო" აგარაკის წინ შეიკრიბნენ, სადაც რაულ ხაჯიმბა იმყოფებოდა. იმავე დღეს მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. 13 იანვარს "პარლამენტმა" ერთხმად დაუჭირა მხარი რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტის" თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. 2020 წლის 12 იანვარს საარჩევნო კომისიამ "საპრეზიდენტო" არჩევნების თარიღად 22 მარტი დაასახელა.




Print