ახალი ამბები
ასლან ბჟანიამ "პრეზიდენტის" ფიცი დადო
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ფიცი დადო. ინაუგურაციის ცერემონიას, კორონავირუსის პანდემიის გამო, უცხოელი სტუმრები არ დასწრებიან, წერს "აფსადგილ ინფო".

"ვფიცავ, აფხაზეთის მრავალეროვნული რესპუბლიკის წინაშე, რომ გამოვიყენებ ჩემს ცოდნასა და ძალას მისი კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის. ჩემი მოქმედებებით მკაცრად დავიცავ აფხაზეთის კონსტიტუციის მოთხოვნებს...", - განაცხადა ბჟანიამ აფხაზურ ენაზე.

განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.
მისი კონკურენტები იყვნენ " ვიცე - პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი" -  ადგურ არძინბა და "შს ყოფილი მინისტრი" -  ლეონიდ ძაპშბა. 

24 მარტს ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის "პრემიერ-მინისტრის" თანამდებობას, ყოფილი "პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.

განმეორებითი არჩევნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იანვრის მოვლენების შემდეგ დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 იანვარს რაულ ხაჯიმბამ დატოვა "პრეზიდენტის" ადმინისტრაცია, მას შემდეგ, რას შენობის წინ კრიმინოგენული და საზოგადოებრივ - პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილო მომიტინგეები შეიკრიბნენ. 10 იანვარს, "უზენაესმა საბჭომ" 2019 წლის 8 სექტემბერს ჩატარებული "საპრეზიდენტო" არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. 12 იანვარს, ის მოქალაქეები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მართავდნენ აქციას, სოხუმში "სახელმწიფო" აგარაკის წინ შეიკრიბნენ, სადაც რაულ ხაჯიმბა იმყოფებოდა. იმავე დღეს მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. 13 იანვარს "პარლამენტმა" ერთხმად დაუჭირა მხარი რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტის" თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. 2020 წლის 12 იანვარს საარჩევნო კომისიამ "საპრეზიდენტო" არჩევნების თარიღად 22 მარტი დაასახელა.



Print